კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით – ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლის შემდეგ; შევძლით ვიზალიბერალიზაციის მიღება და დღეს საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში; შევძელით თავისუფალი ვაჭრობის პროექტის ხელმოწერა და მისი განხორციელება და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ ვიტყვი, პირადად მე ველოდებოდი, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

ამასაც აქვს თავისი ახსნა და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, არაფერია დასამალი, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული: მაშინ, როდესაც საუბარი იყო სამ ქვეყანაზე – საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. სამივე ქვეყანას ფაქტობრივად ერთნაირი დათქმები აქვს, რაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშაონ, თუმცა, ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან სამწუხაროა და ვიცით, რატომ მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანითცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნიის მიიღებს.