ამერიკის საელჩო 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციას - „შინ ევროპისკენ“ შემდეგი ტექსტს უძღვნის:
„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში“.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც.
აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს.