დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, მისი გუნდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„გუშინ კახა სამხარაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული სტატუსი სოციალური ქსელის თავის პირად გვერდზე. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია, თუმცა, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ჩემი თხოვნა იქნება, გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა.
მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება თქვენს პირად სივრცეში, თუმცა, ამავდროულად, კარგად გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს უხამსი სიტყვებით მოიხსენია, შემდეგ კი „ფეისბუკ პოსტი“ წაშალა.
თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.