ჯანმო: მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება, 2021 წელი მაინც რთული წელი იქნება

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება, 2021 წელი მაინც რთული წელი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ვფიქრობ, წინ რთული წელი გველოდება და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ“, განაცხადა მარია ვან კერკხოვემ.

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, წლის პირველი ნახევარი რთული იქნება, რადგან ბევრ ქვეყანაში ხალხმა დღესასწაულებზე სახლში დარჩენასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არ დაიცვა.

„ჩვენ 2021 წლის რთული დასაწყისი გვექნება. საშობაო და ახალი წლის პერიოდში ხალხის ქცევა 2021 წლის პირველ სამ თვეს საკმაოდ რთულს გახდის ვირუსის გადაცემის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გაზრდის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.