მიხეილ სარჯველაძე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე - იმის მიხედვით, თუ როგორია დანაშაულის კატეგორია, მიღებულია გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს.

როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონრპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას აღნიშნა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი გარკვეულ დანაშაულებებზე სასჯელის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ შემსუბუქებას მოიცავს.

სარჯველაძის თქმით, სასჯელის შემსუბუქებაში მისი განახევრება და მეოთხედით შემცირება იგულისხმება.

„შემოვიდა კანონპროექტში გარკეული ახალი ნაწილები სისხლის სამართლის კოდექსის, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცალკეული დანაშაულები, რომლთა დაკავშირებითაც არჩეულია პოზიცია, რომ მოხდება არა სრულად პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება, არამედ - ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში, ორი ფორმაა გამოყენებული, ეს არის განახევრება და მეოთხედით სასჯელის შემცირება. თუმცა ეს არ ხელყოფს იმ პრინციპებს, რომლის გათვალისწინებითაც იქნა მიღებული პირველი მოსმენის დროს კანონპრექტი, ეს ძირითადი მიდგომები კვლავაც შენარჩუნებულია. ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს, ძალადობრივ დანაშაულებს, ოჯახურ დანაშაულებს, სადაც კვლავ პრინციპულია მიდგომა. იქ, სადაც შესაძლებლობა ვნახეთ, რომ გარკვეული გაფართოება მოგვეხდინა, ასეთ შემთხვევაში ეს გამოყენებული იქნა. იმის მიხედვით, თუ როგორია დანაშაულის კატეგორია, მისი გავრცელების ინტენსივობა, ამის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ კანონრპოექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.