ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ მუშაობა, – ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისადმი.
„ჩემი გზავნილია, რომ ქართველებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ“, – განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.