ხავიერ კოლომინა: განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერა და ველოდებით მის დამტკიცებას NATO-ს სამიტზე

ექსკლუზივი

NATO-ს ისტორიულ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ხავიერ კოლომინასთან.

მადრიდის სამიტზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინაში რუსეთის ომზე, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესზე, თურქეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime ხავიერ კოლომინასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

ET: რას გვეტყოდით უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და NATO-ზე მის გავლენებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ უყურებთ ამ შედეგებს და ზოგადად, როგორ ხედავთ ალიანსის ურთიერთობას რუსეთთან?

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ევროპაში მშვიდობა დაარღვია და უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვასა და ზარალს იწვევს. ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის წინააღმდეგ წარუმატებელი შეტევის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ძალების კონცენტრირებას აღმოსავლეთ უკრაინაში ახდენს. რუსეთი ახლა ჩართულია გამანადგურებელ ომში, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობითაა მსხვერპლი.

რუსი სამხედროები განურჩევლად ახორციელებენ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ აგრესიას. სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი ადგილები განადგურებულია და ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკიდურესად მძიმეა. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხი ზარალს განიცდის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა; მოკავშირეები ბევრს მუშაობენ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რათა გადაწყვეტის გზები მოძებნონ. ამ ფონზე NATO ორი პარალელური პრიორიტეტის განხორციელების მიზნით, მუშაობას განაგრძობს.

პირველ რიგში, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მეორე მხრივ, ვიცავთ რა, NATO-ს ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენ ვზრუნავთ, რომ არ მოხდეს ამ ომის ესკალაცია მოკავშირეთა ტერიტორიაზე. NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს უკრაინას, მათ შორის აღჭურვილობით, ფინანსური მხარდაჭერითა და ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნით. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობა, ასევე, ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიაწოდეს.

ყოველივე ეს ცვლის სურათს ბრძოლის ველზე, ეხმარება უკრაინას, უზრუნველყოს თავდაცვის უფლება, რომელსაც გაეროს წესდება ითვალისწინებს. მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის მილიონობით ლტოლვილის მიღების გზით. უკრაინა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სამხედრო ტექნიკით ძლიერდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი ჩვენი პასუხი სწრაფი და ერთიანი იყო, რათა დაგვეცვა ჩვენი ერები. 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი ამჟამად იმყოფება NATO-ს უშუალო მეთაურობის ქვეშ, რომელსაც ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალები უჭერს მხარს. ეს არის რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მიზნად ვისახავთ არა კონფლიქტის პროვოცირებას, არამედ, მის აღკვეთას და მშვიდობის აღდგენას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში.

ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ასეთ დონეზე არ იყო. ბერლინის კედლის დაცემამ რუსეთთან პარტნიორობის ახალ ერას მისცა ბიძგი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ განვიხილავდით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას NATO-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ვთანამშრომლობდით საერთო ინტერესების სფეროებში - კონტრტერორიზმი, შეიარაღების კონტროლი, და, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ავღანეთში. რუსეთმა ამ პარტნიორობიდან გასვლა გადაწყვიტა. ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინის ომი და რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი ხნის სქემის ნაწილია, რომელსაც ის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.

ET: რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს. უკრაინაში ომის პირობებში, რა არის ის საფუძვლები, რომლებსაც ალიანსი მომავალი გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნობა? შეიცვალა რაიმე ძირეულად?

უპირველეს ყოვლისა, არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობას. ჩვენ გავააქტიურეთ დიალოგი ბოლო თვეებში: საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღეს NATO-ს კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრაში; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაისში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა; და, სამხრეთ კავკასიას აპრილში თავად ვსტუმრობდი. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მარტში ჩატარებული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ქოლგის ქვეშ.

უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის და უსაფრთხოებაზე მისი გავლენების საპასუხოდ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონისთვის, მოკავშირეები შეთანხმდნენ, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარება გააძლიერონ. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს დახმარება და ველით, რომ მეტი დეტალი გახდება ცნობილი მომავალ კვირას, მადრიდში, NATO-ს სამიტზე.

საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენ ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება. ჩვენი მხრიდან, NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით.

ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა.

ET: რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი?

როგორც აღვნიშნე, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე.

ET: რა იქნება სამიტის მთავარი აქცენტი და რას იტყვით უკრაინაზე?

მომავალ კვირას მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში.

ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში.

NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას.

ET: რას ფიქრობთ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესზე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის შეშფოთების მიზეზები სამიტამდე შეიძლება, რომ აღმოიფხვრას?

ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ჩვენს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ისტორიულია. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, „ისინი აგზავნიან მკაფიო გზავნილს: დაშინება არ მუშაობს; და NATO-ს კარი ღია რჩება“. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ორივე ქვეყანას უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს ასევე გააძლიერებს NATO-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთი და შვედეთი არიან ძლიერი დემოკრატიები და მედეგი საზოგადოებები, აქვთ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები - მათ შორის მნიშვნელოვანი რეზერვები და მოწინავე თვითმფრინავები, და, საზღვაო ძალები. შეუძლიათ, NATO-სთან ერთად იმუშაონ. ისინი არიან დიდი ხნის კონტრიბუტორი NATO-ს წინა და მიმდინარე მისიებში (ავღანეთში, კოსოვოში და ერაყში), ასევე, NATO-სა და მოკავშირეების წვრთნებში.

როგორც გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, ჩვენ ახლა განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს ფინეთისა და შვედეთის გზაზე, რათა შეუერთდნენ ჩვენს ალიანსს; როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს; როდესაც მოკავშირე აყენებს შეშფოთების მიზეზებს, ჩვენ მათ სერიოზულად ვეკიდებით და ვპოულობთ საერთო ენას; ასე რომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ თურქეთის უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებებთან მიმართებით, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებით. თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, სტრატეგიული მდებარეობით, მთავარ როლს ასრულებს შავ ზღვაში, სირიასა და ერაყს ესაზღვრება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

თურქეთი ასევე არის NATO-ს მოკავშირე, რომელმაც განიცადა ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის PKK-ის მიზეზით გამოწვეული. ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ, კონსტრუქციული სულისკვეთებით, რათა ვიპოვოთ ერთიანი გზა. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ NATO-ს კარი ღიაა, რომ გაფართოება იყო ისტორიული წარმატება და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად დგომა, რადგან თაობის უდიდესი უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვდგავართ.

ნება მომეცით დავამატო, რომ უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ფინეთი და შვედეთი ახლა უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე განაცხადების მიღებამდე იყვნენ. ბევრმა მოკავშირემ უკვე აიღო მკაფიო ვალდებულებები ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების მიმართ; და NATO-მ გაზარდა ჩვენი ყოფნა ბალტიის ზღვაში, მათ შორის მეტი წვრთნით; მაგალითად, ფინეთი და შვედეთი ჩაერთნენ რამდენიმე მოკავშირეთა წვრთნებში ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის BALTOPS-ში, რომელიც აერთიანებს 7500 პერსონალს 14 მოკავშირიდან - მათ შორის თურქეთიდან. ეს არის NATO-ს ერთგულების აშკარა დემონსტრირება ამ რეგიონის მიმართ.