განისაზღვრა იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებზეც უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება

ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები განისაზღვრა, რომლებზეც არ ვრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება.

ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აღნიშნული სუბიექტების უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ეს სუბიექტებია:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ „კოვიდ-19“-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა;

4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;

5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება;

6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;

7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება;

8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;

9. სამაშველო საქმიანობა;

10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);

12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.

როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძის განცხადებით, უქმე დღეების გამოცხადება არ ითვალისწინებს სანქცირებას იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც აღნიშნული დადგენილების ჩამონათვალში არ არიან, თუმცა დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, მუშაობას გააგრძელებენ. საუბარია იმ ობიექტებზე, რომელთა საქმიანობაზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები არ ვრცელდება. ამ შემთხვევაში, ფერაძის განცხადებით, დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გადახდა მოუწევთ.

ბექა ფერაძის განცხადებით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საბანკო და საფინანსო სექტორი, ამასთან, სამინისტროების ხელმძღვანელები დღეს იმ თანამშრომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავენ, რომელთა მუშაობაც აღნიშნულ პერიოდში აუცილებელია და, გამონაკლისის წესით, სამუშაო ადგილებზე გამოცხადდებიან.