უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს ქართულად მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. უკრაინისა და საქართველოს ერთიანობის შესახებ სიტყვები ზელენსკიმ ქართულად წარმოთქვა.

„გამარჯობა საქართველო, მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე, ყოველი თქვენგანის.

ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით.
გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებებს გისურვებთ!".

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.