გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს: საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძეს და საბა ჩხარტიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.
ბრალდების მხარე მათ ძალადობას და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებოდა. ბრალდებულებს პროკურატურა კონკრეტული პირობებით გაურიგდა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა, საქმის ამ კონკრეტულ ნაწილში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანიც.
ბრალდებულების ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დაკავებულებს პატიმრობას უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვლის.
საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული სამი პირი ნარეკვავში მდებარე აგარაკზე წვეულების დროს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო ვახტანგ ჩიქოვანმა, რომელიც წვეულების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლითაა ბრალდებული.
აღნიშნულ 3 პირთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შაქარაშვილის ოჯახი არ აპროტესტებს.
"არანაირ შემხებლობაში ისინი არ არიან გიორგის გარდაცვალებასთან, ეს იყო პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა წვეულების დარბაზში, სადაც გიორგის არც კი მიუღია მონაწილეობა," - აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი მას შემდეგ იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.