პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ქართველი, ამერიკელი, პოლონელი, ლატვიელი, ლიეტუველი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
„სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოები შეასრულეს. წვრთნების დასასრულს მსმენელებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს. კურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.