ირაკლი ღარიბაშვილი: 8 წელი გავიდა, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ეს მართლაც ისტორიული თარიღია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 8 წლი გავიდა და ქვეყანამ რამდენიმე ხელშესახები შედეგი მიიღო.

„8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ეს მართლაც ისტორიული თარიღია, როცა ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა და რეალური, ქმედით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. 8 წლის წინ, მე მქონდა პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით, ამ შეთანხმებაზე ხელი მომეწერა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არაერთი ხელშესახები შედეგი დადგა - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება.

„რამდენიმე ძირითადი შედეგი მინდა გამოვყო, ამ სამი ძირითადი მიღწევის გარდა ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული. DCFTA-ს ნაწილში უკვე შესრულებული გვაქვს 50%-ზე მეტი შესრულებული. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორი არის ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის ეს არის „ერასმუსი+“ „ჰორიზონტი 2020“, „შემოქმედებითი ევროპა“, Frontex, ევროჯასტი, ეს ყველაფერი არის ის, რაც ქვეყანამ ამ მოკლე დროში შეძლო, მოახერხა და მიიღო. ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობის მხრივ, საქართველო იკავებს მეექვსე ადგის, პროგრამაშ მონაწილე 141 ქვეყანას შორის. ეს არის რეალური ინტეგრაცია ევროპასთან და ხელშესახები შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.