ირაკლი ღარიბაშვილი: ველოდებით, რომ NATO-ს სამიტზე აღიარებული იქნება პროგრესი, რაც ჩვენს ქვეყანას ალიანსთან ინტეგრაციის მიმართულებით აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით პროგრესი აქვს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ NATO-ს სამიტზე ეს პროგრესი აღიარებული იქნება.

„ხვალ იწყება NATO-ს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით, მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ NATO-ს სამიტზე, პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე. ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და ასე ვთქვათ, აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში. მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან. მიმაჩნია, ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც NATO-სთან ინტეგრაციის მიმართულებით.

ჩვენ გავხსენით NATO-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში. ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესი. ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული, თუ ქვეყანა გავა სამშვიდობოზე, როგორც იტყვიან“, – განაცხადა პრემიერმა.