პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველ სამ ნომერს  უფლებამოსილება შეუწყვიტა, მომდევნო წევრებმა კი მანდატებზე თანხმობა განაცხადეს

"პატრიოტთა ალიანსის" სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე დღეს მიიღეს.

ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, მხარი 80-მდე დეპუტატმა დაუჭირა.

პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. სიის პირველი ოთხეულიდან პარლამენტში შესვლაზე თანხმობა მხოლოდ ავთო ენუქიძემ განაცხადა. რადგან პარტიამ ცესკოს საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით არ მიმართა, ადგილმონაცვლეობის პრინციპით პარტიული სიის მომდევნო ნომრებს პარლამენტში შესვლა შეუძლიათ.

ადგილმონაცვლეობის პრინციპით, "პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის მომდევნო ნომრებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემა ცესკოს სადეპუტატო მანდატების მიღების მოთხოვნით უკვე მიმართეს.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, თუ ფრიდონ ინჯია პარლამენტში შევა მას პარტიის დატოვება მოუწევს.

"მე "ქართულ ოცნებას" ვარწმუნებ, რომ პარლამენტში 3 ან 4 დეპუტატის შესვლა, უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ იმის მომსწრე, რომ ხდება მხოლოდ 3 დეპუტატის საკითხის გამოტანა. ეს კი რეგლამენტის უხეში დარღვევაა. ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ დიდი დისკუსია გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო, არ ჩახსნა პარტიის თავმჯდომარემ სია. თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები კი, რომელთა გვარების ხსენებაც არის, არ არიან პარტიის წევრები," - აცხადებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და დასძენს რომ მათი მანდატების სესიაზე განხილვით, უმრავლესობამ პარტიის დასჯა გადაწყვიტა.

მმართველ გუნდში განმარტეს, თუ რატომ განიხილა დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

""პატრიოტთა ალიანსი" იყო ერთადერთი პარტია, რომლის სიიდანაც არ იყვნენ ჩახსნილები სიის დანარჩენი წევრები და ამავდროულად, სხვა წევრები აცხადებდნენ პარლამენტში შემოსვლის მზაობას. ვიღაცას ეხსნება უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე, ვიღაცას ეძლევა საშუალება, შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ამ მარტივი პროცედურის გამო, ჩვენ უფრო ადრე განვიხილეთ მათი საკითხი," - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოს თქმით, პარლამენტის გამართული მუშაობისათვის აუცილებელია კონსტრუქციული ოპოზიციის ყოფნა.

"პროცედურები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია ღია პოლიტიკური შეთანხმება. რეგულაციებს და პროცედურებს აქვს მნიშვნელობა და რაც უფრო მალე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მით უკეთესი. მაგრამ, მთავარია მოლაპარაკებები და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მე-5 რაუნდი გაიმართოს," - აღნიშნავს სერგეენკო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ სადეპუტატო მანდატებზე უარი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის 54-მა წარმომადგენელმა თქვა.