რუსული ოქროს იმპორტზე აკრძალვა, რომელიც რუსეთისთვის მეორე ყველაზე მომგებიანი ექსპორტია ენერგეტიკის შემდეგ, კრემლს წელიწადში $19 მილიარდზე წვდომას შეუზღუდავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემოსავლის ნაკადის შემცირება მნიშვნელოვანია, უპრეცედენტო სანქციები და ექსპორტის კონტროლი კი, დიდ გავლენას ახდენს რუსეთზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ნავთობიდან შემოსავლებს უფრო მაღალი ფასებით იღებს, ექსპორტის კონტროლის გამო ვერ ხარჯავს მათ. რუსეთს არ შეუძლია, შეიძინოს ის, რაც სჭირდება თავდაცვის სექტორის მოდერნიზებისთვის, ტექნოლოგიის მოდერნიზებისთვის, ენერგეტიკის მოდერნიზაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში თითოეული ამ სფეროს ფუნქციონირება შესუსტდება, - თქვა ბლინკენმა.
როგორც ცნობილია, G7-ის ლიდერები აპირებენ აკრძალონ რუსული ოქროს იმპორტი.
„უკვე ვხედავთ პროგნოზებს, რომ რუსეთის ეკონომიკა მომავალ წელს რვა-თხუთმეტ პროცენტით შემცირდება. რუბლს ხელოვნურად ამაგრებენ დიდი ხარჯებით. ათასმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი და რუსების ცხოვრების დონე უარესდება. ეს ყველაფერი მოქმედებს დაუყოვნებლივ, მაგრამ ასევე აქვს კუმულაციური ეფექტი”, - აღნიშნა ბლინკენმა.