საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტიდან შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება.
„ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.
ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დავითიანსა და ნარაზენში ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, თუმცა მოგვიანებით ადგილობრივების კუთვნილ თხილის პლანტაციებს მოედო. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.