დეპუტატებმა, ისრაელის ქნესეთის დაშლა პირველი მოსმენით დაამტკიცეს

ისრაელის დეპუტატებმა, პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი პარლამენტის (ქნესეთი) დათხოვნის შესახებ.

კენჭისყრაში მონაწილე 53-ვე დეპუტატმა მხარი დაუჭირა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნას. კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა ოთხშაბათს, 29 ივნისს არის დაგეგმილი.

ორშაბათს, 20 ივნისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს.

თუ პარლამენტი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ისრაელი საპარლამენტო არჩევნებს ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მეხუთედ ჩაატარებს.

პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ვადამდელ არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტს საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს.