საპარლამენტო უმრავლესობა ვლადიმერ პუტინის ახალ გადაწყვეტილებას რუსეთის მორიგ პროვოკაციად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ, საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლის დანიშვნის ფაქტს აფასებენ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, რუსეთი პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს.

"რა საკვირველია ეს პროვოკაცია და აგრესიაა. სიტყვა "პროვოკაცია" უღიმღამოა იმასთან შედარებით, რასაც ოკუპაცია ჰქვია. სწორედ ეს არის პროვოკაციაც, უკანონობაც და საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვაც“, -აღნიშნავს გია ვოლსკი.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზღვრების საკითხი იყოს ძალიან სენსიტიური თემა. მისი თქმით, ქართულმა სახელმწიფომ ამ თემის თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„ ამ შეუქცევად გზაზე ფრთხილი და სწორი ნაბიჯებით, შერიგების გზით უნდა ვიაროთ. რაც შეეხება საზღვრების დადგენის საკითხს, ვფიქრობთ,რომ ეს არის საკითხი,რომელთა მიმართებაშიც სახელმწიფომ თითოეულ დეტალზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ასეც ვიქცევით, მათ შორის, დავით გარეჯის თემა გახსოვთ. თითოეულ დეტალს ისე მივყვებით, რომ ეროვნული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული. რუსეთისგან პროვოკაციის გარდა, არაფერს ველით და არ ვფიქრობ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ისეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში იქნება. ამას ყველა ჯერზე მტკიცედ უნდა დავხვდეთ და ამაში ხელს გვიწყობენ დასავლელი პარტნიორები და ამ გზაზე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არ გვაქვს", - განაცხადა მდინარაძემ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ ქვეყნებთან რუსეთის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, მიხაილ პეტრაკოვი დანიშნა. პეტრაკოვი ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.

"დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრის დიპლომატი, მიხაილ პეტრაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. მას, ასევე, დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან" – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.