ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოს მოსახლეობა ძალიან ცალსახად გამოვიდა გარეთ 20 ივნისს და გამოკითხვიდან გამოკითხვამდე გამოხატავს თავის მხარდაჭრას ევროკავშირის წევრობასა და ევროპულ გზასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს პირობები და რეკომენდაციები, რომლებზეც ევროკავშირის საბჭომ მკაფიოდ განაცხადა. უფრო მკაფიოდ მე ვერ ვიტყვი. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის ის ნაბიჯები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, იმედია, წლის ბოლომდე საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი.
ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი ძალიან პირდაპირი პასუხი. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირს სურს, მიესალმოს საქართველოს ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. ეს რეფორმები ახალი არ არის. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და განიცდიდა პროგრეს. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის. ვიმედოვნებ, ამას ვნახავთ მომავალ თვეებში“,- განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.