პაატა იმნაძე: ახალი შტამის ყველა კონტაქტი მოძიებულია, ერთ-ერთი მათგანი დადებითია, შესაძლოა ის იყოს შემომტანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცის კონტაქტები უკვე დადგენილია.

მისივე ცნობით, მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში და ტარდება სეკვენირება.

„დაინფიცირებულის ერთ-ერთი კონტაქტი, საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოვიდა. მისი მასალაც მოძიებულია და ახლა მიმდინარეობს უკვე იმ მასალის სეკვენირებაც. შესაძლოა, ის ყოფილიყო ინფექციის წყარო, ამ შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია, სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, შემდეგ ისევ წავიდა საქართველოდან, მას შემოსვლის დროს საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება, იყო უარყოფითი. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დღეს, ჩატარებული ტესტირების დროს იმ პირველს დაუდგინდა დადებითი პასუხი, ახლა მოძიებულია ისიც და მისი სეკვენირებაც ჩატარდება. ის ნიმუში, რა თქმა უნდა, შენახულია”, - განმარტავს პაატა იმნაძე.

იმნაძის ინფორმაციით, ახალი შტამით ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იზოლაციაში იმყოფება და ფაქტობრივად, უკვე მორჩენილია.

„დამთავრდა გადამოწმება, თავიდან სამი საეჭვო შემთხვევა იყო, აქედან ორ შემთხვევაში უკუგდებული იქნა ახალი შტამი, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ე.წ. S გენის მუტაცია, ე.წ ბრიტანული შტამი, დელეცია 69-ე 70-ე პოზიციაზე. პაციენტი არის 50 წელს გადაცილებული, ის თავს კარგად გრძნობს, არის იზოლაციაში, დადგენილია მისი კონტაქტები. ამ პაციენტის (ახალი შტამით ინფიცირებული) მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ყველა, ვინც მასთან იყო კონტაქტში, გადაყვანილია იზოლაციაში“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძის თქმით, არსებული მტკიცებულებებით, ახალი შტამი სიმძიმის ან ლეტარული გამოსავლების სიხშირის მიხედვით არსებული შტამისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა გამოირჩევა უფრო მაღალი გადამდებლობით, ანუ ინფექციურობით.

„აქედან გამომდინარე, ისევ ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, პირბადე, რადგან დაცვის ერთადერთი საშუალება გინდა, ახალი შტამი იყოს და გინდა, ძველი, არის პირბადე და დისტანცია. აბსოლუტურად ისევე გადადის, როგორც ძველი შტამი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.