სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს

სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს. სუბარმა განაცხადა, რომ „ზოგჯერ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხალხს უფრო მეტი უნდა უთხრა და მმართველი გუნდის პოზიციიდან ამის თქმა არ გამოდიოდა, რადგან იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს, მეგობრებს“.

სოზარ სუბარმა განმარტა, რომ უფრო მეტს უახლოს მომავალში იტყვის.

„რთული პერიოდი დგას ჩვენს რეგიონში ზოგადად და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომლებიც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას. იყო ამის პირდაპირი მცდელობები, არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენ ეს საფრთხე აგვაცილოს თავიდან, ეს არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე და მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგართ  - ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, ყველაფერი განზე დაგვრჩება, ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს მეტი სიმართლე“, - განუცხადა სუბარმა „ტვპირველს“.