ბულგარეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 თანამშრომელი გააძევა

ბულგარეთმა განაცხადა, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის პერსონალიდან 70 წარმომადგენელს ჯაშუშობის გამო აძევებს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის განცხადებით, დიპლომატების გაძევება არ არის რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ აგრესია.

„ეს არ არის აგრესიის აქტი რუსი ხალხის მიმართ. როდესაც უცხოური მთავრობები ცდილობენ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას, ჩვენ გვყავს ინსტიტუტები, რომლებიც უპასუხებენ“, - განაცხადა პეტკოვმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბულგარეთი ამცირებს რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის რაოდენობას 48-მდე და გაძევებულ რუს დიპლომატებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა კვირას, სამ ივლისს. 

„კვირას ჩვენ ველოდებით სავსე თვითმფრინავს, 70-ადგილიანს, რომელიც მოსკოვში გაფრინდება“, - განაცხადა პეტკოვმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბულგარეთი ასევე დროებით ხურავს თავის დიპლომატიურ მისიას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში და მოელის, რომ რუსეთი დროებით შეაჩერებს საკუთარი მისიის საქმიანობას ბულგარეთის ქალაქ რუსეში.