გალში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, სოფლებში გაჩენილი ტყის ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მოედო

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებში, რეპო-ეწერში, სიდასა და ზემო-ბარგებში გაჩენილი ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მოედო.

გალი TV-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარიშხლის გამო ხანძრის ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა და ტყის მომიჯნავედ მდებარე სახლებს მოედო.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

ხანძრის ჩაქრობაში რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მონაწილეობდა.

„ყველა შესაბამისი სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი სახლებსა და ხის შენობებს მოედო”, - იუწყება ადგილობრივი მედია.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების ფართობი და მასშტაბები ზუსტდება.