საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი 105 ხანძრის აქტიური კერიდან, მეხანძრე-მაშველებმა 100 ხანძრის კერის სრული ლიკვიდაცია მოახერხეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს. ამ დროისთვის სამეგრელოში - 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. რაჭაში - ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში - ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. იმერეთში - 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. გურიაში - 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.
კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს, ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.