დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, 4 იანვარს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამი კლინიკური ნიშნებით ძველი შტამისგან არ განსხვავდება.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,
როგორც ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, ახალი და ძველი შტამით ინფიცირებისგან დასაცავად მთავარი უსაფრთხოების წესების დაცვაა, ეკლესიაში იქნება ეს მაღაზიებში, თუ სხვაგან. იმნაძე ყველას მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან დაწესებული რეგულაციები ინფიცირების რაოდენობის ზრიდს შესაჩერებლად.
„ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება ახალ და ძველ შტამს შორის არ არის. პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ახალი შტამი და დაიდო სამეცნიერო მტკიცებულებები, ჩვენ შევისწავლეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რომლებიც იყო ლაბორატორიაში, რომ გვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. ასეთი არის თუ სამი გენიდან ორი არის კარგი დადებითი და ერთი არ არის დადებითი. ასეთი სულ იყო სამი შემთხვევა იმ რამდენიმე ათასიდან, რაც საქართველოში სულ იყო. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც საქართველოში იყო დადებითი, იყო სამივე გენზე დადებითი. აღნიშნული პაციენტების კონტაქტებმა იზოლაციის ვადა უკვე გაიარეს და ეს არის 14 დღე. ამ პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ვიდრე ავად გახდებოდა ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია ამ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს სეკვენირება“, – განაცხადა იმნაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის რომ უფრო სწრაფად ვრცელდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.