ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა. ოპოზიციას უნდა, სიტუაცია პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს. როცა მთავრობის გადადგომას ითხოვ, დემოკრატიის ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას ცდილობ და ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და შეიძლება, ადგილზე მოქალაქეებთან შეხვედრებისას კონფლიქტი ჰქონდეს, არათუ არათანმიმდევრულია, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა. „ქართულ ოცნებას“ საქართველოში მხარს უჭერს მილიონი მოქალაქე. რა თანხმობაზეა საუბარი, როცა პროტესტით უნდათ მთავრობის შეცვლას მიაღწიონ. თანხმობა თავშივეა გამორიცხული, რადგან ამბობენ, ვიღაც უნდა აიძულონ, გადადგეს, ვიღაც უნდა აიძულონ, რაღაცას დათანხმდეს. ეს თავისთავად პარადოქსია. როგორ იქნება ეროვნული თანხმობა, სადაც არის იძულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.