საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.
სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან, ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით ენახათ ის უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. სტუმრები გაეცნენ თუ რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე უწევს ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფრთხეების და პრობლემების დაძლევისთვის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აუცილებელია პირველ ყოვლისა ალიანსის შემდგომი გაფართოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.