საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსიის“ პარტიული სიის მომდევნო ნომრების გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პარლამენტში შესული საბუთების მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე გელა მიქაძე იქნება, გიორგი ლომიას ადგილმონაცვლე - ფრიდონ ინჯია, ხოლო გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლედ - დავით ზილფიმიანი
„გუშინ პარლამენტის 3 წევრს, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს შეუჩერდა უფლებამოსილება, მათი განცხადების საფუძველზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, საარჩევნო სიის მომდევნო ნომერი დეპუტატობის კანდიდატების საბუთები პარლამენტს გამოუგზავნა. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზეც პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთთ აღნიშნულ საკითხი, რომელიც შემდეგ პარლამენტის ბიუროს გადაეცემა“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, თუ ფრიდონ ინჯია პარლამენტში შევა მას პარტიის დატოვება მოუწევს. პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ სადეპუტატო მანდატებზე უარი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის უკვე 54-მა წარმომადგენელმა თქვა.