პაატა იმნაძე: 10-14 იანვრისთვის გამოჩნდება ახალი წლის დღეებში დაიცვეს თუ არა მოქალაქეებმა ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მომდევნო დღეებში კოვიდინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოილხინეს საახალწლო სუფრებთან მოქალაქეებმა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ აღნიშნა, ახალი წლის დღეებში, დაიცვა თუ არა მოსახლეობამ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები, ეს 10-14 იანვრისთვის გამოჩნდება, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლით.

„თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში თუ მიტინგზე, არ აქვს მნიშვნელობა, შემთხვევები მოიმატებს. თუ წესებს დავიცავთ ყველაფერი კარგად იქნება. დღეს მოგეხსენებათ, 2000-ზე მეტი შემთხვევაა, ეს მოსალოდნელიც იყო. გასაგებია, რომ 1,2,3 იანვარს მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო და ახლა ვნახოთ, შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ისე, ტესტი ბევრი თუ ცოტა ჩატარდება, იქიდან 15%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რაც არ არის ცუდი. ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახთან იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია და თუ ფართო წრეები იყო ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისთვის”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.