საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ელჩმა თანამდებობა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე დატოვა. სამინისტრო თეა კატუკიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს.
მათივე ცნობით, საფრანგეთში ელჩმა, თეა კატუკიამ ვერ უზრუნველყო მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა.
„გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.
მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სმაინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საფრანგეთში საქართველოს ელჩმათეა კატუკიამ თანამდებობა დღეს დატოვა და მიზეზად „საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლა” დაასახელა. მისივე განცხადებით, ფუნქციის შესრულება შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში უწევდა, რაც დიპლომატის შეფასებით, „სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან“.
ასევე წაიკითხეთ: