თეა წულუკიანი: მმართველი გუნდის წევრებს შეურაცხყოფის ატანა მუდმივად უწევთ

"მმართველი გუნდის წევრებს მუდმივად უწევთ შეურაცხყოფის ატანა", -  ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი აშშ-ის საელჩოში დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და "TV პირველის" დირექტორ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებთან კომენტარში.

"ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ვართ მუდმივი თავდასხმის, შეურაცხყოფის ქვეშ. აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. მოთმინებით ვართ 10 წელია დაკავებული და არის ხანდახან, ადამიანი ხარ, ვერ მოითმინო. თუმცა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე, იმიტომ რომ ისინი, ვინაიდან არიან ჩიხში მომწყვდეულები, ყველაფერზე წავლენ", - თქვა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, "TV პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ გუშინ, 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ეზოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.