კელი დეგნანი: ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ

ამერიკის ელჩმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საელჩო სწავლობს არსებულ ცნობებს. ელჩმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაჩვეულებრივი ღონისძიება“.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას. ჩვენთვის უცნობია, დაიწყო თუ არა რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ.

გუშინ, მართლაც არაჩვეულებრივი და პოზიტიური ღონისძიება გვქონდა. შევკრიბეთ ბევრი ქართველი. ჩვენ გვინდოდა, ხაზი გაგვესვა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ცოტა იმედგაცრუებულნი დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.  

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს 30 ივნისს გამოეხმაურა.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა.

ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი, აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო.