სოზარ სუბარი: ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 1000-მდე ადამიანს შეეხება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები კრიმინალის ზრდას არ გამოიწვევს.

მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაახლოებით 1000-მდე მსჯავრდებულს შეეხება.

როგორც სუბარი განმარტავს კანონპროექტი შეეხება მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თუმცა არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც, ოღონდ იმ ნაწილში, სადაც ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ განსაკუთრებით მძიმედ მიიჩნევა ნარკოტიკების ფლობა, თუ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობისაა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. და დღეს პარლამენტში უნდა გავიდეს მეორე მოსმენით. დაისვა არაერთი კითხვა და წინადადება. შესაბამისად, მათი ნაწილი გათვალისწინებულია. გაფართოვდა როგორც მუხლების რაოდენობა, ისევე იმ პუნქტების შემადგენლობა, რომელსაც შესაძლოა, შეეხოს ეს კანონი. ამნისტიის ეს აქტი შემუშავებულია ისე, რომ კრიმინალის ზრდის მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. ზოგადად, ჰუმანური აქტია, თუმცა ამნისტიას ყოველთვის აქვს ერთი მინუსი ის, რომ ის თანაბრად ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ამ კონკრეტული მუხლის ქვეშ ხვდება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არანაირად არ ნანობს ან ადამიანი, რომელმაც დღეს დაიწყო სასჯელის მოხდა. წარმოდგენილი რედაქცია დაახლოებით 1000-მდე ადამიანს შეეხება“, - განაცხადა სუბარმა.