ვისაც აქვს სურვილი, იაროს ევროპისკენ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს. ასეთი მცდელობა „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ ჰქონია, რომ შეეთავაზებინა კონსტრუქციული დიალოგი, მათ შორის რიტორიკის კუთხითაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„გუშინ ჩვენ საკმაოდ დეტალური გეგმა წარმოვადგინეთ, როგორც პასუხისმგებლობის კუთხით, არის გაწერილი და გადანაწილებული, ისე დროში გრაფიკის კუთხით. შინაარსით გარკვეულწილად მთავარი კომისიის რეკომენდაციაშიც მოცემულია. დეტალებს სამუშაო ჯგუფები, რომელიც პარლამენტში შეიქმნება ამავე დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობითაც, სხვადასხვა თემის მიხედვით ისინი შეათანხმებენ და საბოლოო ჯამში, პარლამენტი წარდგენილი გრაფიკის მიხედვით საშემოდგომო სესიაზე მიიღებს. ახლა საკითხი დგას ასე, ვის სურს ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობასა და თანხმობას. სწორედ, აქეთ მოგვიწოდეს ჩვენ, მათ შორის ევროკომისიამ, რომელიც საუბრობს დეპოლარიზაციაზე, ევროპამ, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ კამათს, მაგრამ ამავე დროის ამ დემოკრატიული კამათის ფარგლებში დარჩენასა და თანხმობისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.