როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ეს დღეები უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა მიმდინარეობს. თუ გავიხსენებთ შარშანდელ ღონისძიებებსაც, მაშინაც ყველა ღონისძიებაზე, რომელიც 5 ივლისამდე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უბრალოდ, იცით, რომ 5 ივლისი იყო ექსტრაორდინალური სიტუაცია, რომელსაც არავინ ელოდა, მოულოდნელად აგრესია წარიმართა ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ, ვხედავთ, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით მოქმედებს, შეუძლია სრულად უზრუნველყოს ამ ღონისძიების უსაფრთხოება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს, 2 ივლისს თბილისში ,„პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი იმართება. ღონისძიება დახურულია. ამის მიუხედავად, პარალელურად, „ალტ-ინფოსა" და „კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. მათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გააპროტესტეს და ლგბტ დროშა დაწვეს. შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან გადაინაცვლეს და NATO-სა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტ დროშები დაყარეს.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთაწმინდაზე 17 ადამიანი დააკავეს, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტერიტორიზე შესვლაში ხელს უშლიდნენ.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.