საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პროცესებს შემდეგი Facebook პოსტით გამოეხმაურა. პრეზიდენტის შეფასებით, გამოცხადებულ გეგმებს - „კობახიძისეულს“ თუ რადიკალური ოპოზიციის, არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“.
„ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ, ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო)… თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს ( „თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე“ ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალური ოპოზიციის არახალი „გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.
ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია - ვალდებული ვართ, საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“, - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ.
23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.