უკრაინა არაფერს არ თმობს და თავის ტერიტორიებზე კონტროლს დაიბრუნებს თავისი ტაქტიკისა და თანამედროვე იარაღის მზარდი მარაგების საშუალებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
რუსმა ოკუპანტებმა ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს როგორც ზღვაზე, ასევე ცაში. ასეთი დანაკარგები მათ მრავალი ათეული წელია არ ჰქონიათ. სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს მეომრებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა სახელმწიფოს დასაცავად, ჰქონდეთ ყველაზე თანამედროვე იარაღი. ეს არ არის ადვილი, დიდი ძალისხმევაა საჭირო, ბევრ მოლაპარაკებას მოითხოვს, მაგრამ ასეთ მიწოდებას ჩვენ უზრუნველვყოფთ. უკრაინა მიაღწევს იმ დონეს, როცა ოკუპანტების უპირატესობა დაიძლევა. ჩვენ არც ერთ დღეს არ ვკარგავთ - ვარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, ვამყარებთ ახალ კავშირებს, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას - პოლიტიკურ, დიპლომატიურ, საინფორმაციო...
დღეს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ სასტიკად დაბომბა სლოვიანსკი, კრამატორსკი, ხარკოვი. მხოლოდ სლოვიანსკში დაღუპულთა სიაში ექვსი ადამიანია, ოცამდე კი, დაჭრილია. გოგონა გარდაიცვალა, ევა ერქვა. მიმდინარე წლის აგვისტოში მას 10 წელი შეუსრულდებოდა...
მათ ახლა ყველაზე დიდი ცეცხლსასროლი ძალა დონბასში დააგროვეს. მათ შეუძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენონ ათიათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ მონაკვეთზე. ეს არის რეალობა. რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს HIMARS-ს სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი, რომლებიც მივიღეთ პარტნიორებისგან. ჩვენ თანდათან წინ მივიწევთ - ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონში და ზღვაზე: კუნძული ზმეინი ამის კარგი მაგალითია. დადგება დღე, როცა იგივეს ვიტყვით დონბასზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.