აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია დატოვეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია, რომელსაც „შინ ევროპისკენ" ორგანიზატორები მართავდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია.

"სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და სამომავლოდ პროტესტის გაგრძელების გეგმაზე იმსჯელებენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მორიგი აქცია არ იგეგმება. „იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, არ ვიცი, ამ ხალხს მუშაობის საშუალება რომ მისცენ, კრიმინალი ასეთ დღეში არ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" თავიდან ბოლომდე მარტო ძალოვნებზეა ჩამოკიდებული, მეტი არავითარი რესურსი არ დარჩათ. მთელი ღამის განმავლობაში არცერთი სამართალდარღვევა არ ყოფილა, დილითაც მხოლოდ ხმაური იყო ჩვენგან. კიბეებიდანაც ამოგვწიეს პოლიციის ძალით და არ მოგვცეს იქ დადგომის უფლება, რომ შენობაში შესულ ღარიბაშვილს აქციის არცერთი მონაწილე არ დაენახა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროტესტი მტკიცე და მართალია, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად", - განაცხადა მაქარაშვილმა.


სამოქალაო მოძრაობის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარეს. ისინი პროტესტს დღეს დილიდან გამოხატავდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აქცია იყო არაძალადობრივი და მათ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი არ დაურღვევიათ. მათი მიზანია, მთავრობას კანონის ფარგლებში დისკომფორტი შეუქმნან. ისინი მთავრობის სხდომის დაწყებას ელოდებოდნენ, რომელიც დღეს, 4 ივლისს იყო დაგეგმილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამ ივლისსაც გაიმართა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ.

23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.