საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელ სპორტსმენებს შეხვდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა მოლაპარაკებები.
ბახი უკრაინის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (NOC) მიიწვია და ვიზიტისას მას თან ახლდა ფედერაციის ხელმძღვანელი სერგეი ბუბკა და უკრაინის სპორტის მინისტრი ვადიმ გუტცაიტი. თომას ბახი 100-მდე უკრაინელ სპორტსმენს შეხვდა ქვეყნის ოლიმპიურ საწვრთნელ ცენტრში და სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის მიმართ IOC-ის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ყოველდღე თქვენთან ვართ ჩვენი გულით, ჩვენი ფიქრებით და გვინდა, დაგეხმაროთ თქვენი ოლიმპიური ოცნებების ასრულებაში. ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის ოლიმპიური საზოგადოების მიმართ და ვაჩვენოთ სპორტსმენებს და მწვრთნელებს, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბახს და IOC-ს სპორტსმენების და უკრაინის ოლიმპიური საზოგადოების მხარდაჭერისთვის.