ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისკენ მოუწოდებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

სესიის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საქმეების და უსაფრთხოების კომიტეტზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და სტაბილურობას, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს ეხება.

პარლამენტი იტყობინება, რომ ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის ოკუპაცია მოახდინა რუსეთის ფედერაციამ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების საკითხი მკაფიოდ იყოს ასახული ეუთოს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს ჩემი ინიციატივა და მხარი დაუჭირეს ამ საკითხის შესახებ რეზოლუციაში პარაგრაფის დამატებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.