პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, „ალილოს“ მსვლელობა სახეცვლილად ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
გავრცელებული იმფორმაციის თანახმად, წელს არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს შობას მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს.
„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა.
წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულეებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ საშობაო მსახურება დაიწყება 6 იანვარს, 23:00 საათზე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II აღასრულებს.