NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებს ქვეყნის გაწევრიანებას, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. ამის შესახებ ვინიკოვმა NATO-ს სამიტის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტებმა ვინიკოვს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასება სთხოვეს.
„იმისათვის, რომ NATO-მ ქვეყანა მიიწვიოს გასაწევრიანებლად, როგორც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, ორი რამ არის მთავარი: პირველი - ქვეყანა უნდა იყოს მზად, დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები, და ეს მოთხოვნები სცილდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს, რადგან NATO-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არამხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ, ქვეყანა უნდა იყოს მზად. მეორე ელემენტია, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე იღებს, რადგან მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ქვეყანა განამტკიცებს ალიანსის უსაფრთხოებას.
„მე ვფიქრობ, საქართველო უნდა მოემზადოს და ახლა ყურადღება გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. ზოგიერთი მიმართულებით, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, იმპულსის შენელება დავინახეთ და ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ ეს საკითხი გადაჭრას და აღადგინოს რეფორმების განხორციელების იმპულსი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით, ასევე - სასამართლო და შემდგომი საარჩევნო რეფორმების მიმართულებით.
მოკავშირეებმაც ხაზგასმით ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც მათ რეფორმების უფრო აქტიურად განხორციელების ხილვა სურთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი, ტერიტორიული პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. როგორც აღვნიშნე, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.