ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„საერთო ჯამში სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად ერთ ოთახიანი, ორ ოთახიან ბინად და ა.შ. არ ვეთანხმებით ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიღებულ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა საქმის ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
ცნობისთვის, გასული წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.