ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ადრონული თერაპიის ცენტრი არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის საშუალებას იძლევა.
„ეს არის ერთი მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით და ახლა უკვე სახეზეა დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც. მართლაც შეიძლება, ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ საქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი სივრცე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეში მოღვაწეობენ ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა, პროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები. კომფორტული, უსაფრთხო თანამედროვე კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები 180 ჰა-ზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა, ტყით გარშემორტყმული ეს კომპლექსი, რომელიც თანმიმდევრულად ყალიბება რეგიონში მეცნიერების, განათლების და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა. უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი რეგიონში.