"ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ევროპული საბჭო, თუმცა ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ თორმეტივე პუნქტს ძალიან პირნათლად შევასრულებთ. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ფაქტორს ჩვენ არ და ვერ შევცვლით, ბუნებრივია. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. მაგრამ, რისი თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრამდე დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ არა“, - განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.