რა შეზღუდვების განახლება შეიძლება, დასჭირდეს ქვეყანას, როგორ უნდა მოემზადოს შემდეგი ტალღისთვის და რა რეკომენდაციებია აქტუალური ამ დროისთვის, არსებულ ეპიდვითარებაზე Europetime-ის შეკითხვებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ უპასუხა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში ასახელებს იმ სამ ფაქტორს, რის გამოც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს ცუდი იქნება. გამოიწვევს საავადმყოფოებში მიმართვიანობის გაზრდასაც და შესაძლებელია, ქვეყანა ისევ დაუბრუნდეს მინიმუმ ისეთი შემზღუდავი ღონისძიების შემოღებას, როგორიცაა, ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ იქნება მკაცრი „ლოკდაუნი“; შეიზღუდება ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი აქვს. მილიონ 200 000-ია, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა აქვთ გაკეთებული - მათი იმუნური სისტემა, შეიძლება, არა 100%-იანი ეფექტიანობით, მაგრამ მაინც ხელს უშლის მეორედ ინფიცირებას.
ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა ალბათობა იმისა, რომ გვქონდეს მკვეთრი მატება და მივიღოთ თუნდაც ისეთი ტალღა, როგორიც იყო მეოთხე და მეხუთე ტალღის შემთხვევაში. თუმცა შემთხვევათა მატება პროგნოზირებადია - ერთი, რაც შეიძლება, აქ იყოს მნიშვნელოვანი, ეს არის შემოდგომა - ამ პერიოდში, როცა უკვე უფრო ნაკლები იქნება ბუნებრივი ან ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი, დახურულ სივრცეებში თავშეყრა სერიოზული რისკია.
ამიტომ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ოქტომბერი-ნოემბერი იყოს მკვეთრი მატების პერიოდი. ზაფხულის განმავლობაში შეიძლება, არ იყოს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მაგრამ ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი ის პერიოდია, როცა ზოგადად რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქტიურია და შესაძლოა, დაფიქსირდეს გაცილებით დიდი მაჩვენებელი და გარკვეულწილად, ამის რისკი არსებობს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.