ნუგზარ წიკლაური: დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ

"დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ. გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, შეუსრულებელია, მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვის მცდელობაა და შედეგი ვერ ექნება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ოპოზიცია წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს ხელისუფლების წინაშე და ეს წინადადებები იქნება მოტივირებული არა დროის გაწელვით, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ეს უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური დევნის დასრულება, სასამართლო ხელისუფლების გათავისუფლება და ახალი საარჩევნო კანონი.

აღნიშნულზე, თუ უარი იქნება, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ ამოცანა არის რაღაც რუტინულ პროცესში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეთრევა და არა რეალური ნაბიჯების გადადგმა. პოლარიზაცია არის დასასრულებელი და პოლიტიკურ დევნასთან ერთად ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციის გზაზე. მზად ვართ, დიალოგისთვის. ვაცხადებთ, რომ არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ, მათ შორის, ისეთ ოდიოზურ პოლიტიკურ ძალასთან, როგორიც არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია. ასევე არავინაა ისეთი მიამიტი, რომ ვერ გრძნობდეს, რა სურს ხელისუფლებას - რეალურად ნაბიჯების გადადგმა სურს, თუ უბრალოდ პროცესების ისე გაწელვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა გაბუნდოვანდეს და მიუღწეველი გახდეს“,- განაცხადა წიკლაურმა.


ცნობისთვის23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.