იტალიის პრემიერ-მინისტრმა ანკარაში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთი და იტალია გმობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ კიევს. დრაგიმ აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად გადაწყვეტის გზებს ეძებენ.
„ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ერთად უნდა ვიმუშაოთ მათ მოსაგვარებლად. თურქეთი და იტალია გმობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ კიევს. ვეძებთ მოლაპარაკებებით გადაწყვეტის გზებს, რომლებიც შეაჩერებს საომარ მოქმედებებს და მოიტანს სტაბილურობის და ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას“, - განაცხადა მარიო დრაგიმ.
იტალიის პრემიერის განცხადებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე, გერმანიაში ისაუბრა გეგმაზე, რომელზეც გაერო მუშაობს და რომელიც თურქეთისთვის „ცენტრალურ როლს“ განსაზღვრავს.
მარიო დრაგიმ მადლობა გადაუხადა თურქეთს შუამავლის როლისთვის და ექსპორტის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ უნდა განვბლოკოთ ექსპორტი რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან ავიცილოთ ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში,” - აღნიშნა იტალიის პრემიერ მინისტრმა.