ოკუპირებული გალის რაიონის რამდენიმე სოფელში გაჩენილ ხანძარს, ამ დრომდე ვერ აქრობენ. ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მოედო. საოკუპაციო რეჟიმმა მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას kavkazr.com ავრცელებს
გალის მოსახლეობა სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველ მასალებს აქვეყნებს და წერს რომ სახანძრო მანქანებს ხანძრის ჩასაქრობად წყალი არ აქვთ. რუსული ვერტმფრენები კი არსად ჩანს.
„უმძიმესია ამის ყურება ომისგან განადგურებული, ფერფლიდან ორჯერ აღდგენილი სახლ-კარი ისევ იწვის. ნაბაკევი, სიდა, ბარღები, რეფი, ხუმუშკური.... ქარი ისევ ძლიერია. სახანძრო მანქანები არის, წყალი არა. რუსული ვერტმფრენები არსად ჩანს“, - წერს სოციალურ ქსელში გალის რაიონის ერთ-ერთი მცხოვრები.
როგორც europetime-ს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ქართული მხარე მზად არის გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ადგილობრივ მეხანძრეებს დახმარება აღმოუჩინოს
„გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“ - აღნიშნავენ უსაფრთხოების სამსახურში.
europetime-სთვის გამოგზავნილი ხანძრის ფოტოები, გადაღებულია წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავიდან, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.