ირაკლი კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას ნიშნავს

"ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში, შეჩერდება ის საქველმოქმედო პროექტები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ახორციელებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული საადვოკატო ბიუროს განცხადებას, რომლის მიხედვით, წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეზღუდვებს უწესებს.

"Credit Suisse-ის მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც, რატომღაც, არ უფრთხილდება საერთოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას. ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მათ შორის, რატომ არის იგივე არახამია ჩართული ამ ყველაფერში, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“ , - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკიდან გასვლის მომენტში, ეს ხდებოდა შარშან იანვარში, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, 200 მილიონი დოლარის აქტივებს. დანარჩენი თანხა და, ეს ვრცელდება მათ შორის "კრედიტ სუისში" განთავსებულ თანხებზე, მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში, საქველმოქმედო მიზნებისათვის. ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას სურს, ვიღაც არახამიას - რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს და საკუთარ პრობლემებს, რომელიც შეუქმნა საკუთარ ხალხს - როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, მათ შორის, არაერთი, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული 3 მილიონი დოლარი ქველმოქმედებაზე საქართველოში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.


ცნობისთვის, უკრაინის რადის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.